„ბავშვთა სამყაროს“ დემონტაჟი, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება

„ოქროს სამყაროსა“ და „ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელი პირები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელსაც მერიაში წარადგენენ, რათა შენობის დემონტაჟი მოხდეს. როგორც ჟურნალისტებს „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ განუცხადა, სავარაუდოდ,
ხვალიდან დაიწყება შენობის დემონტაჟი, რის შემდეგაც მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ შენობის ტერიტორიაზე შევიდნენ და საკუთარი ძვირფასი ნივთების მოძებნონ.
„ველაპარაკე „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს გიორგი მაჭავარიანს, რომელიც ამჟამად თბილისის მერიაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ექსპერტები დადებენ წერილობით დასკვნას, იმის შესახებ, რომ შენობაში ამ ვითარებაში შესვლა არ შეიძლება, მაჭავარიანი წაიღებს დასკვნას მერიაში, სადაც შეხვედრა უკვე შეთანხმებულია, ხოლო თბილისის მერია მისცემს იმის უფლებას, რომ დაიწყონ შენობის დემონტაჟი. შენობის დემონტაჟი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც მოვაჭრეების ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული. ამის შემდეგ მოვაჭრეებს შეეძლებათ ეტაპობრივად შესვლა და საკუთარი ძვირფასეულობის მოძებნა“, – განაცხადა ამირან მარიამიძემ.
ამირან მარიამიძემ „ბავშვთა სამყაროსთან“ შეკრებილ მოვაჭერეებსაც მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა.
„დღეს ტყუილად ვდგავართ აქ. ადგილზე მობილიზებულია დაცვა, რომელიც ტერიტორიას იცავს, ასე რომ, საშიში არაფერია და შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. ხვალ შეგიძლიათ მოხდვიდეთ, დაესწროთ დემონტაჟს და როდესაც უსაფრთხო იქნება შესვლა, ეტაპობრივად შეხვალთ საკუთარი ნივთების გამოსატანად“, – განაცხადა მარიამიძემ.
მისი ამ განცხადების შემდეგ მოვაჭრეთა ნაწილმა, რომელთა ძვირფასეულობა კვლავ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნანგრევებშია მოყოლილი, ტერიტორია დატოვა, მოვაჭრეების ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი წასვლას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები