თამარ ჩუგოშვილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარლამენტში მისვლის აუცილებლობას, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს

„ძალიან სამწუხაროა დაუსრულებელი სპეკულაციები რაღაც რუსულ თემატიკასთან დაკავშირებით და რაღაც მცდელობები, რომ დაიხატოს ყველაფერი ისე, რაც არ არის“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ვიცე-სპიკერი ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება.
„მე მესმის ოპოზიციის ოპონირება, ეს ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, მაგრამ ოპონირება, ალბათ, იმ თემებზე უნდა მიდიოდეს, რასაც მართლა შეიძლება ჰქონდეს საფუძველი და რაც მართლა კრიტიკას იმსახურებს. რაღაცების მოგონება, პრობლემების შეთხზვა და საზოგადოების აღელვება რაღაც თემებზე, არ მგონია, რომ კარგი საქმე იყოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემებს, ცერცვაძეს და სხვა სამხედროების საკითხს, როგორც ვიცი, შს სამინისტრო აპირებს ბრიფინგის გამართვას და ინფორმაციის წარმოდგენას საზოგადოებისთვის მონაცემებთან დაკავშირებით. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყველაფერი კეთდება, რომ პირველ რიგში, ამ სამხედროების უსაფრთხოება იყოს დაცული და ამაზე მუშაობა მიდის. დეტალურ ინფორმაციაზე შს სამინისტრო გამართავს ბრიფინგს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
რაც შეეხება, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ოპტიმიზაციას და შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას, ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ოპტიმიზაცია თანამშრომელთა შემცირებას გულისხმობდა. მისი თქმით, ყველამ იცოდა, რომ როცა დამტკიცდა ბიუჯეტი, ის ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას და შემცირებას.
„ის პროცესი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების და თანამშრომლობის გზით. მუდმივად იყო კრიტიკის საგანი, რომ თავდაცვის სფეროში ის ხარჯი, რომელიც ადამიანური რესურსის შენახვას ხმარდებოდა, იყო ბევრად მაღალი, ვიდრე სხვა ტიპის ხარჯები, ამის დაბალანსება იყო დიდი ხნის რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ოპტიმიზაცია და შემცირება ძალიან რთული პროცესია, თუმცა ეს ის მტკივნეული და აუცილებელი ნაბიჯებია, რაც სჭირდება მთლიანად ადმინისტრაციული ხარჯისა და რესურსის ოპტიმიზაციას და თავდაცვის სფეროს რეფორმას, ამიტომ აქაც არ არის, მე მგონი, სპეკულაციები საჭირო. თუ არის კითხვები, ამაზე, დარწმუნებული ვარ, სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები