„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი: მთელ პასუხისმგებლობას და სრული ქონების ანაზღაურებას ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ

„ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის მხრიდან უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად დაცული იყო”, – ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებას, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „ბავშვთა სამყაროს“ უსაფრთხოების სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცეცხლის გაჩენისთანავე გამოიძახა.
„რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური როგორც გვეუბნება, გაჩნდა თუ არა ხანძარი, იმ წამსვე გამოიძახეს სახანძრო. სამაშველო ბრიგადა დროულად მოვიდა, უბრალოდ, მოგეხსენებათ, რომ “ბავშვთა სამყაროში” არსებული საქონელი ადვილად აალებადია და უცბად გავრცელდა ცეცხლი, ამიტომ მისი დროულად ჩაქრობა ვერ მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იყო. შემოწმებებზე მოდიოდნენ, ხანძარსაწინააღმდეგო სპეციალური დანადგარებიც გვქონდა, დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, შესაძლებლობის ფარგლებში, დაზარალებულ მოვაჭრეებს გვერდით დაუდგებიან. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ზარალის სრულ ანაზღაურებას ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ შეძლებს და ეს მოვაჭრეებმაც კარგად იციან.
„ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი, მაქსიმალურად გავაკეთებთ, ამაზე უარს არ ვამბობთ. მთელ პასუხისმგებლობას და სრული ქონების ანაზღაურებას ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ – ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. ეს ხალხმაც იცის და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. ჩვენ გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა „ბავშვთა სამყაროს“ გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები