თამარ ხულორდავა გიედრიუს პუოჯუნას და კლაუდიუს მანიოკას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი და პოლიტოლოგი კლაუდიუს მანიოკა მიიღო.
შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.
ევროპასთან ასოცირების პროცესში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია და თანამშრომლობა, პარლამენტისა და განსაკუთრებით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში, პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების, ევროინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებასა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო შეხვედრის ძირითადი თემა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ისეთ კონკრეტულ მიმართულებაზე გამახვილდა, როგორიცაა: გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, ენერგოეფექტურობა და საგზაო უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები და წარმატებული გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. მხარეები ამ სფეროში სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
კლაუდიუს მანიოკა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, წარსულში ლიტვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაერთიანების მოლაპარაკების პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ევროპული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-ლიტვის თანამშრომლობის პროექტის ექსპერტია, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის საკითხებზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები