თეა წულუკიანმა ტორბიორნ იაგლანდს ქართული ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ მიერ შესრულებული „ევროპის ჰიმნის“ პოლიფონიური ვარიაცია აჩუქა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამართლის უზენაესობისა და უფლებრივ სფეროში წარმოებულ რეფორმებზე, სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღასა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კონტექსტში საუბარი შეეხო აღნიშნული რეფორმის პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოსაც.
„ტორბიორნ იაგლანდს ვაცნობეთ, რომ პარლამენტი მომავალი კვირიდან შეიკრიბება და იმსჯელებს საკითხზე, თუმცა, რაც შეეხება სამწლიან გამოსაცდელ პერიოდს, ვიდრე ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ეს ნორმა და ვიმსჯელებთ იმაზე, საჭიროა, თუ არა მისი შენარჩუნება კონსტიტუციის რეფორმისას, მანამდე კანონი ვერ შეცვლის კონსტიტუციას და, ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა არა ახლა, არამედ მომავალში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მოგვიწევს.
შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, მთავრობა და ევროსაბჭო, არამედ თითოეული მოსამართლე, ელოდებიან ამ რეფორმის ძალაში შესვლას იმისთვის, რომ მოხდეს, თუნდაც, სასამართლოს თავმჯდომარეების იმ საშინელი ტვირთისგან გათავისუფლება, რასაც გვიან ღამემდე სამსახურში ყოფნა და საქმეების ხელით განაწილება ჰქვია“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებაც ისაუბრეს.
„როდესაც საგამოძიებო მექანიზმზე ვმსჯელობთ, მეორე პროკურატურა კი არ უნდა შეიქმნას, არამედ როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაშია − მხოლოდ გამოძიების ფუნქციების მქონე დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს მთავარი პროკურატურა. მთლიანობაში ტორბიორნ იაგლანდის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, საინტერესო და ძალიან მეგობრული“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეხვედრის დასასრულს, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საჩუქრად გადასცა ქართული ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ მიერ შესრულებული „ევროპის ჰიმნის“ პოლიფონიური ვარიაცია (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია).
მინისტრმა ტორბიორნ იაგლანდს სთხოვა, აღნიშნული კომპოზიცია მოისმინოს და განიხილოს შესაძლებლობა მისი ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნების შესახებ, სადაც „ევროპის ჰიმნის“ სხვადასხვა ვერსიაა თავმოყრილი.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ორდღიანია და ის 31 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები