ირმა ინაშვილმა მსჯავრდებულები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრი, ირმა ინაშვილი, რუსთავის N5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც მსჯავრდებულები, თეა სირაძე და თამარ ტალიკაძე, მათი პირობებისა და მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით მოინახულა.
ირმა ინაშვილის თქმით, თამარ ტალიკაძეს თავად მსჯავრდებულის წერილის საფუძველზე შეხვდა, თეა სირაძე კი საკუთარი სურვილით მოინახულა და მათი მდგომარეობის შესახებ პირადად მიიღო ინფორმაცია. დეპუტატის განცხადებით, მისთვის გაუგებარია შეწყალების კომისიის პოზიცია თეა სირაძის საქმესთან დაკავშირებით და მისი შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს საგანგებოდ მიმართავს: „ჩემთვის გაუგებარია შეწყალების კომისიის პოზიცია, რატომ არ მოხდა აქამდე თეა სირაძის შეწყალება. არ არსებობს საფუძველი არ შეიწყალო ის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი კარგად გაიაზრებს ამ მიმართვას და იმას, რომ ოთხი შვილის დედა, სპორტსმენი ქალბატონი უნდა გათავისუფლდეს,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მე-5 დაწესებულების ხელმძღვანელს, ნესტან ვერულაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. „პატიმრები საუბრობენ, რომ პირობები არის ნორმალური, არ ხდება არაადამიანური მოპყრობა, ზეწოლა, ცემა. იმაზე, რაც 2010-2012 წლებში ხდებოდა და რასაც მე ვასაჯაროებდი, საერთოდ არ არის ლაპარაკი,”-განაცხადა ირმა ინაშვილმა. მისივე განცხადებით, დეპუტატი უახლოეს მომავალში რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულებს მსჯავრდებულებს, მათი პირობებისა და მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები