ეკა ბესელიას „კაბელების საქმეზე“ დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით სამართლებრივი კითხვები აქვს

 „როგორც დეპუტატს და მოქალაქეს, ძალიან მახარებს ყველა ადამიანის ოჯახში დაბრუნება, ვინც საპატიმროშია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ ე. წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალების ფაქტს. თუმცა, დეპუტატს ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი კითხვებიც აქვს.

„ამ მხრივ, კითხვები არ მაქვს, მაგრამ სამართლებრივად რომ შევხედო, აქ გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზს ვხედავ: როცა სასამართლო ინსტანციებში პროცესი არ არის დასრულებული და ამ დროს ხდება შეწყალება და მხარე ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში. რამდენად სწორია, რომ ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა და ერთ-ერთი მხარე აპირებს, გამოიყენოს საბოლოო ინსტანცია სასამართლოს ვერდიქტისთვის, ამ დროს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გამოყენება ხომ არ არის მართლმსაჯულებაში ჩარევა? მეორე მხრივ, აქ კიდევ ერთი საკითხია: ის შეფასებები, რომლებიც გააკეთა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მისმა მრჩეველმა, პოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. როცა ქვეყანაში ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს, რომელიც მოეთხოვება განსაკუთრებით კონსტიტუციურ ორგანოებს და ჩვენ გვევალება ყველას ამ ინსტიტუციების პატივისცემა, ამ ფონზე საუბარი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ასეთი შეფასებები არ მგონია, რომ შეესაბამება იმ სტანდარტებს და იმ ინსტიტუციურ პატივისცემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მიუხედავად პირადად ჩემი მისდამი პატივისცემისა“, – აცხადებს ეკა ბესელია. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ე. წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი პირი შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები