„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპოლს მიმართავს, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა არ იქნას გამოცხადებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა არ იქნას გამოცხადებული, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, პარტია ხელისუფლებისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც რუსეთს გადაეცა.
„პირველ რიგში, ყველას მინდა მივულოცო გია ცერცვაძის გათავისუფლება – ოჯახს, მთელ საქართველოს. ვუსურვებ გამარჯვებას ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მტრის წინააღმდეგ. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ცერცვაძე დახსნილი ყოფილიყო პატიმრობისგან. ასევე, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თავისი მეომარი მტერ სახელმწიფოს არ გადასცა. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენი კამპანია გრძელდება. მსგავსმა ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამიტომ გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ ან ირიბად. მოვითხოვთ, პარლამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის პარალელურად, ჩვენ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მივმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები