დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის მართვის ცენტრის დასასრულებლად კომპანიას 10-დღიანი ვადა მისცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზუგდიდში ახალაშენებული ჰეპატიტის მართვის ცენტრის გახსნამდე შენობა დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო. დავით სერგეენკომ შენობის არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის კომპანიას 10 დღის ვადა მისცა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მისცა გაფრთხილება.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება. C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.
ზუგდიდში, C ჰეპატიტის სკრინინგისა და მართვის ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები