საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

30-31 იანვარს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ, საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროპის საბჭოს ჩართულობას კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში. მხარეები ასევე განიხილავენ 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები