კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, საპატრიარქოს კუთვნილი სკვერი განახლდება

საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. სკვერის განახლების სურვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ, ბექა ოდიშარიასთან ერთ-ერთ აუდიენციაზე გამოთქვა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სკვერი წლების წინ მოუვლელობის და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიხურა. მაჟორიტარმა დეპუტატმა უწმინდესს ისეთი სივრცის მოწყობა შესთავაზა, სადაც ახალგაზრდა მხატვრები და მუსიკოსები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებზე იმუშავებენ და პერფორმანსებს წარმოადგენენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, ბექა ოდიშარიამ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა, რომელმაც სკვერის კეთილმოსაწყობად დასუფთავების და განათების სამსახურების და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი წარმომადგენლები გამოყო.
გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, სკვერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, ასევე დაგეგმილია მცირე ზომის კვების ობიექტების და ჰიგიენური კვანძის გახსნაც.დასასვენებელი სივრცე დაცვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის დასუფთავება დავიწყეთ. მისი უწმინდესობის ნება-სურვილია, რომ აქ გაჩნდეს სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება მიეცემა. ჩვენი მიზანია, რომ აქ მუდმივად იყოს ასეთი ტიპის პერფორმანსები და ისეთი ახალი დასასვენებელი ადგილი შეიქმნას, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს უბანი, არამედ მთლიანად ძველი თბილისი. თბილისის მერიის და უშუალოდ ქალაქის მერის, დავით ნარმანიას დახმარებით, რომელსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მოვახერხებთ ამ სკვერის გახსნას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები