რას აცხადებს გია ცერცვაძე გათავისუფლების შემდეგ – “ჯობია ბრძოლის ველზე დაიღუპო, ვიდრე ცხვარივით დაგკლან”

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და მისი დაკავების მოტივებზე საუბრობს. როგორც „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლკოვნიკი ცერცვაძე აცხადებს, რუსეთს ყველა იმ ადამიანის ხელში ჩაგდება უნდა, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა და ვისაც საქართველოს საიდუმლო ობიექტებზე რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ.
ცერცვაძის თქმით, დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო და აცხადებს, რომ სადაც უნდა იყოს, რუსეთის წინააღმდეგ ისევ იბრძოლებს.
„რუსეთის ამოცანაა პირველ რიგში, რომ მაქსიმალურად დააკავოს ის პირები, ვისაც ჰქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე ანუ სტრატეგიულ ობიექტებზე, საბრძოლო დანაყოფებზე და საერთოდ ყველაფერზე, რასაც სახელმწიფო საიდუმლოება წარმოადგენს. მეორე მოტივი იმ ხალხის დასჯაა, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა. ჩემთვის დიდი შოკი იყო, რომ ასე მოხდა, მაგრამ თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, ჯობია ბრძოლის ველზე, ვიდრე ცხვარივით დაგკლან. ეს არის დასანანი. რაც უნდა მოხდეს, მე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ. სანამ შემიძლია, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ვიქნები იქ, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება“, – განაცხადა პოლკოვნიკმა.
პოლკოვნიკი ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. მას ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, თუმცა მისი ექსტრადირების საკითხებზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები