კობალაძე ცერცვაძის საქმეზე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ახასიათებთ სიტუაციების ხელოვნურად დაძაბვა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე მიიჩნევს, რომ გია ცერცვაძის დაკავების საკითხზე ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია და ეს ყველაფერი სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ემსახურება. როგორც კობალაძემ „კვირას“ განუცხადა, საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ინტერესის დასაცავად და ამ მიზნით, შესაბამისი ღონისძიებებიც გატარდა.
„ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს ახასიათებთ სიტუაციების ხელოვნურად დაძაბვა და არაარგუმენტირებული ბრალდებების გაჟღერება. საკმაოდ მშვიდად, საკმაოდ მიზანდასახულად საქართველოს ხელისუფლებამ დააფიქსირა პოზიცია და ჩვენი კანონმდებლობაც ამას საუბრობს, რომ ჩვენი მოქალაქე არანაირად არ უნდა იყოს გადაცემული სხვა ქვეყნის წარმომადგენლობაზე, სამართლებრივი მიმართულებით დევნის საფუძველზე, მით უმეტეს, რუსეთისათვის, სადაც არ იქნება მისი უფლებები დაცული. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არის ის მხარე, რომლის ხელშეწყობითაც საქართველოს დაკარგული აქვს თავისი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამოქალაქე ჩვენი წამყვანი სისტემის წარმომადგენელი, არანაირად არ უნდა იყოს გადაცემული. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რეალურად ეკისრება უკრაინის მხარეს, გაიმართა კონსულტაციები ჩვენს მთავარ პროკურორსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის. ჩვენი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა ცალსახა კომენტარი გააკეთა აღნიშნულ საკითხზე. ასე რომ, ვინ რას სპეკულირებს, არსებითად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, იმიტომ, რომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების შელახვის, მორალური ზიანის და ფეხქვეშ გათელვის მეტი არაფერი გაუკეთეს ჩვენს მოსახლეობას“, -განუცხადა „ კვირას“ კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები