დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის – „პომოდორნას“, „საარაგვოს“ და „მაღრანი ნატურალურის“ გახსნას დაესწრნენ.
„დღეს სახელმწიფოსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილმა კიდევ სამმა ახალმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა დაიწყო ფუნქციონირება. უნდა აღინიშნოს, რომ აგრარული დარგის მიმართულებით, კოოპერაციამ ფერმერებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ახალი კოოპერატივები შემნახველი, სამაცივრე და სასათბურე მიმართულებით იფუნქციონირებენ. ქვეყანაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, სულ უფრო აქტიურად ხდება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოყენება, რაც  ახლო მომავალში ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „პომოდორნას“ საქმიანობის ძირითად სფეროს სრულად აღჭურვილი 1000 კვ.მ სასათბურე მეურნეობაში პომიდვრის რამდენიმე სახეობის მოყვანა წარმოადგენს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „საარაგვოს“ დუშეთის რ-ნის სოფელ წითელ კლდეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კარტოფილის ელიტური ჯიშები მოჰყავს.
კარტოფილის სხვადასხვა ჯიშისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „მაღრანი ნატურალურის“ საქმიანობის მთავარი მიმართულებაც.
ორივე კოოპერატივი ფლობს სამაცივრე მეურნეობებს, სადაც მოყვანილი პროდუქციის შესაბამის ტემპერატურაზე დასაწყობებაა შესაძლებელი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გახსნას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე ესწრებოდნენ.
კოოპერატივები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები