იური ლუცენკო: უკრაინას აქვს ყველა საფუძველი, რუსეთს არ გადასცეს გია ცერცვაძე

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ქართველი ოფიცრის გია ცერცვაძის უკრაინაში დაკავების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, ასევე ოპოზიციის წევრს გივი თარგამაძეს ესაუბრა.
როგორც ლუცენკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, უკრაინას აქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს არ გადასცეს ქართველი გია ცერცვაძე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა ძალებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
„მათი მხრიდან მომართვამ, ასევე საერთაშორისო კონვენციების დებულებათა ანალიზმა მოგვცა საფუძველი არა მხოლოდ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, არა მხოლოდ საექსტრადიციო შემოწმების პერიოდში, არამედ სამომავლოდაც უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანის გადაცემაში, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ეხმარებოდა რუსული აგრესიისგან თავდაცვაში“, – წერს ლუცენკო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე, აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები