თეა წულუკიანი: ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს უკან დაბრუნებოდა

“ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ სტრასბურგიდან საქართველოსთვის, ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ”ნაციონალური მოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსთვის ამ სიის უკან დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
”მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ”ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება სამომავლო პროცედურებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, მან ჯერ არ იცის, როგორ დაგეგმავს ახალი კონკურსის ჩატარებას და აცხადებს, რომ ახალი სია ალბათ წლის განმავლობაში შედგება.
”ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურას. დაველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოსგან და შემდეგ – იქნება ეს მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი… იმის მიხედვით მოხდება, როგორ მოიცლის მთავრობა. როგორ მოვიცლით ჩვენ, კომისიის წევრები, რათა ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ, ალბათ წლის განმავლობაში შედგება ახალი სია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები