ოთარ დანელია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ბატონ ჰერმანთან ჩვენ ყოველთვის გვქონდა და გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა. ის გახლავთ ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ქომაგი და ძალიან დიდი მხარდამჭერი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა”, – განაცხადა ოთარ დანელიამ შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა ENPARD-1, ENPARD-2, და ასევე ENPARD-3, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო. ოთარ დანელიას განცხადებით, ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში ბევრი მიმართულება წარმატებით განვითარდა და საინტერესო პროგრამები განხორციელდა.
„უკვე გვაქვს ისეთი წარმატებული მიმართულებები, როგორიცაა კოოპერატივების განვითარება, აგროდაფინანსება, აგროდაკრედიტება, აგროდაზღვევის პროგრამა, „დანერგე მომავლის” პროგრამა, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა. რაც ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის სოფლად განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც ხვალინდელი სოფლის მოდელის შექმნას ითვალისწინებს. იმ მოდელისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოში სოფელი, რა უნდა იყოს აუცილებელი წინაპირობა სოფლად განვითარებისათვის, რომელშიც ერთ-ერთი შემავალი კომპონენტი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე აგრარულ სფეროში და სოფლად განვითარების საკითხებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე, აღინიშნა, რომ მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ ქართველი ფერმერების ევროკავშირის პროექტებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის.