ნინო ბურჯანაძის ოფისში მოკლულის სახელს „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა უკავშირდება

 “ნინო ბურჯანაძის ოფისში მოკლულის სახელს „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა უკავშირდება“,-ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მოკლული გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობის მოტივად შურისძიება დასახელდა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულად ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პირი, სავარაუდოდ, ხაშურელი „კანონიერი ქურდის“ ნოდარ მუმლაძის ვაჟია.
სტატიის თანახმად, მომხდარი მკვლელობა გოგიჩაიშვილების ოჯახისთვის უკვე მეორე ტრაგედიაა. გრამდენიმე წლის წინ ბიზნესმენის კიდევ ერთი ძმა, ენგური გოგიჩაიშვილი, რესტორან „გორში“ მოკლეს. თუმცა ამ ორ მკვლელობას, სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ოფიციალური ინფორმაციით, ენგური გოგიჩაიშვილის მკვლელობა გახსნილია.
რაც შეეხება 15 იანვარს მოკლულ გურამ გოგიჩაიშვილის საქმეს, გამოძიებას, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი ჰყავს და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა გახდა საკონტროლო გასროლით მომხდარი მკვლელობის მოტივი? ვინ არის გურამ გოგიჩაიშვილი და რატომ უკავშირებენ მის მკვლელობას შურისძიებას? „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიძია ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ გურამ გოგიჩაიშვილის სახელს უკავშირდება „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რუსულენოვან საიტ „პრაიმ-კრაიმზე“ ოფიციალურად არის განთავსებული ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ გურამ გოგიჩაიშვილმა კალაშნიკოვის ავტომატით 1993 წლის 8 დეკემბერს გორში ჩაცხრილა გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ მუმლაძე. აღნიშნულ საიტზე ხაშურელი „კანონიერი ქურდის“ მკვლელად სწორედ გურამ გოგიჩაიშვილია დასახელებული. არაოფიციალური ვერსიით, გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილად კი – ნოდარ მუმლაძის ვაჟი.
20 წლის წინათ „კანონიერი ქურდის“ მკვლელობის დეტალებს „პრაიმტაიმთან“ იხსენებენ.
„ამ მკვლელობამ გორელებს 20 წლის წინათ ხაშურელი „კანონიერი ქურდის“ ნოდარ მუმლაძის მკვლელობის საქმე გაგვახსენა. „კანონიერი ქურდის“ ჩაცხრილვა სწორედ ბორია გოგიჩაიშვილის ძმას, გურამ გოგიჩაიშვილს ბრალდებოდა მაშინ. მაგათი სახლიც გადაცხრილეს, იყო მუქარებიც. მუმლაძის ოჯახსა და მეგობრებს უთქვამთ, 2 დღეც რომ დარჩეს სიკვდილამდე გურამ გოგიჩაიშვილს, მაინც მოვკლავთო, და გამოდის, ეს მუქარა შეასრულეს, თუ მართლა მაგათი მოკლულია. ეს 1993 წელს მოხდა, მაშინ განუკითხაობა იყო, ძმები გოგიჩაიშვილები მაშინდელ და ახლანდელ გორის ელიტას წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში მათ არაერთი სახელმწიფო ქონება ჩაიგდეს ხელში – წვენის ქარხანა, კონსერვის ქარხანა და სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტები. ეს ძლიერი კლანი იყო და დღემდე ასეა. მაშინ მათ გავლენიანი მეგობრებიც ჰყავდათ… როგორც ჩანს, მათ ხელს უშლიდა ან გარკვეულ წილს სთხოვდა და თავიდან მოიშორეს. ასე ამბობდნენ მაშინ და ასე შემორჩა მუმლაძის საქმე ჩვენს მეხსიერებას“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები