ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის სკანდალური დეტალები – პირველ მსხვერპლად დედაჩემი ავირჩიეთ

„ბექა შენგელიამ მითხრა, რომ გამიწევდა დახმარებას ჩემი მშობლების მოშორებაში. მისი აზრი მომეწონა. პირველ მსხვერპლად დედაჩემი, ლუბა ყოჩიაშვილი ავირჩიეთ“, – ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომელიც გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა.
ირმა ყოჩიაშვილმა დაკითხვისას თითქმის დეტალურად აღწერა, როგორ გაიცნო ბექა შენგელია და რა ვითარებაში მოკლეს ლუბა ყოჩიაშვილი.
„2015 წლის შუა ნაწილში (ზუსტი დრო არ მახსოვს) გავიცანი ბექა შენგელია, რომელიც იყო ციხიდან ახალი გამოსული. მე და ბექამ ერთმანეთი გავიცანით სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით. ვსაუბრობდით მუსიკაზე, როკზე და სულიერ სამყაროზე. მალევე შევხვდით ერთმანეთს და დავმეგობრდით. მე და ბექას გვქონდა სქესობრივი კავშირი, ვუსმენდით როკს და ვაგრძელებდით მეგობრულ ურთიერთობას. სახლში მივდიოდი ძალიან იშვიათად და ჩემს მშობლებთან ურთიერთობა თითქმის არ მქონია. ბექასთან მქონდა ყოველდღიური კავშირი.
დაახლოებით სამი თვის წინ, ზუსტი დრო არ მახსოვს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, ბექა შენგელიამ იქირავა ბინა ოპერის მიმდებარედ, რის შემდეგაც ძირითადად ვრჩებოდი ზემოაღნიშნულ მისამართზე. მალევე ბექა შენგელიამ გამაცნო ნ.ჩ., რომელთანაც ჩამომიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ბექა შენგელია არის გოთიკის მიმდევარი, მეც გამაჩნია გარკვეული სიმპათიები აღნიშნული მიმდინარეობის მიმართ. მიზიდავს დეპრესიული და სამყაროსადმი ჩაღრმავებული თემატიკა…
ბავშვობიდან ვწერ ჩანახატებს სხვადასხვა თემაზე, კერძოდ სიყვარულზე, სიძულვილზე და სხვა ცხოვრებისეულ თემებზე. ანალოგიურად წერს ბექა შენგელიაც. ჩვენი აზრები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან იშვიათად მივდიოდი ჩემი მშობლების სახლში, პირადი ნივთების ასაღებად, რა დროსაც მუდმივი კონფლიქტი მქონდა ომარ და ლუბა ყოჩიაშვილებთან. მეუბნებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი შვილი იყო ანგელოზი, ხოლო მე – სატანის ნაშიერი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მინდოდა მათი დასჯა.
2016 წლის 16 ოქტომბერს მე და ბექა შენგელია ვიმყოფებოდით მის მიერ ნაქირავებ ბინაში, დავიწყე ჩემი მშობლების ლანძღვა და შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობის ახსნა. ასევე, დავამატე, რომ სიამოვნებით მოვკლავდი ორივეს. აღნიშნულზე ბექა შენგელიამ მითხრა, რომ გამიწევდა დახმარებას ჩემი მშობლების მოშორებაში. მისი აზრი მომეწონა და დავიწყეთ ფიქრი, როგორ მომეკლა მშობლები. პირველ მსხვერპლად დედაჩემი ლუბა ყოჩიაშვილი ავირჩიეთ, საბოლოო მსჯელობის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ლუბა ყოჩიაშვილი მოგვეკლა მისსავე საცხოვრებელ ბინაში დღის საათებში“, – ყვება დაკითხვის დროს ირმა ყოჩიაშვილი.
ჩვენებაში ასევე წერია, რომ მკვლელობის დღეს მან და ბექა შენგელიამ შეიძინეს შავი ფერის დიდი პოლიეთილენის პარკები და ხელთათმანები. ტაქსით მივიდნენ ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე ყოჩიაშვილების საცხოვრებელ სახლში. კარი ლუბა ყოჩიაშვილმა გააღო, რომელიც ბექა შენგელიამ სპეციალური მოსადუნებელი ხსნარით გათიშა, შემდეგ კი ხელით გაგუდა. ცხედარი ომარ ყოჩიაშვილის ჩემოდანში ორად გადაკეცილი ჩატენეს. ლუბა ყოჩიაშვილის მიერ სახლიდან გაქცევის ილუზიის შექმნის მიზნით თან წაიღეს მისი რამდენიმე ტანსაცმელიც. ცხედარი ტაქსით ბექა შენგელიას მიერ ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც მოხდა მისი დანაწევრება. მეორე დღეს კი დანაწევრებული ცხედარი ნაგავსაყრელზე წაიღეს და დაწვეს.
ირმა ყოჩიაშვილი ყვება, რომ დედის მკვლელობის შემდეგ ბექა შენგელიასთან ერთად ცხოვრება ჩვეული რიტმით განაგრძო. 24 ოქტომბერს კი გლდანში, მე-8 საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიანობამდე სეირნობდნენ. დედის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებმაც გამოკითხეს, ვინაიდან პირველ ეტაპზე გამოძიებას ეჭვი ომარ ყოჩიაშვილზე ჰქონდა, თუმცა საქმეში გამოჩნდა მტკიცებულებები, რომელმაც ამ სასტიკ დანაშაულს ფარდა ახადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები