ზაქარია ქუცნაშვილი: კობახიძის პოლიტიკური სიმპათია საკონსტიტუციო სასამართლოში მის საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს

„საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის განწყობა დადებითია“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ კობახიძის პოლიტიკური სიმპათია საკონსტიტუციო სასამართლოში მის საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს.
”საერთოდ, პიროვნება არის ან კანონმორჩილი და პრინციპული, ან მედროვე და კანონის მიმართ აგდებული დამოკიდებულების მქონე. მანანა კობახიძე პრინციპული ადამიანია და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კარიერა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში ხელის შემშლელი გარემოება არ უნდა გახდეს. არავის აქვს უფლება ამ ნიშნით შეზღუდოს ადამიანი, გააგრძელოს მან მუშაობა და პროფესიული საქმიანობა სასამართლო სისტემაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი გუნდი სწორედ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები