ალექსანდრე ჯეჯელავა: ადრეულ ასაკში ქორწინება მიუღებელია, თუნდაც ხელშეწყობა ოჯახის მხრიდან ხდებოდეს
„მიუღებელია ადრეულ ასაკში ქორწინება, თუნდაც ხელშეწყობა ოჯახის მხრიდან ხდებოდეს“, – ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმერეთში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს, როდესაც მანდატურმა მე-11 კლასის მოსწავლესთან სექსუალური კავშირი დაამყარა.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება. თუმცა მინისტრი აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა დაიკარგოს.
„მანდატურების დანიშვნის წესი, პრინციპში, ფუნდამენტურად ისეთივე რჩება, როგორიც აქამდე იყო. მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურობა აგვაცილა. ძალადობა სკოლებში შემცირებულია. ეს ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც ადრე შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხვეწა, გახდა უფრო ჰუმანური და დაუახლოვდა სკოლის ადმინისტრაციას. მე ვფიქრობ, შემდგომი განვითარება წავა ჰარმონიულად, ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაშია: პოლიციაში, ჟურნალისტებშიც ხდება ცუდი რაღაცები და პროფესიის გამო, ნდობა არ უნდა შეილახოს. მე ძალიან ვწუხვარ იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ის ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ამის გამო, ჩვენ მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ, რომელიც რჩება ტოლერანტული, რაც პრინციპში, კარგი არ არის, რადგან ჩვენ, განათლებით, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშაობით უნდა შევეცადოთ, რათა დავანახოთ, რომ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ბედნიერი“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა ექიმ-გინეკოლოგისგან ინფორმაცია მიიღო, რომ მისი მოსწავლე 4 თვის ორსული იყო. აქვე, გახმაურდა, რომ მე-11 კლასის მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობა მანდატურმა დაამყარა.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, მანდატური 40 წლისაა და იგი სკოლაში მას შემდეგ მუშაობს, რაც მანდატურის სამსახური ამოქმედდა. მისივე თქმით, სკოლის მოსწავლე და მანდატური თანასოფლელები არიან. დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლემ და მანდატურმა ოჯახი შექმნეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.