სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება დაიწყო – პირველ ეტაპზე 50 ბენეფიციარს გადაამზადებენ

საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყო. აღნიშნული მემორანდუმი კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე გადამზადდება ის 50 ბენეფიციარი, რომლებიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში(worknet.gov.ge) უკვე დარეგისტრირებულია.
გადამზადების მიზანია, დასაქმების მსურველმა ბენეფიციარებმა შეძლონ დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე დარეგისტრირება და სასურველი სამუშაოს მოძიება. ბენეფიციარები ასევე გადამზადდებიან სოციალური მარკეტინგის მიმართულებით. გადამზადების პირველ ეტაპს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდნენ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის მიზანია საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა და გლობალურ დისტანციურ სამუშაოებში ჩართვის მიზნით რაც შეიძლება მეტი სამუშაოს მაძიებელი ადამიანის გადამზადება. გადამზადების პროცესი უფასოა და ის ხელმისაწვდომია დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის.
ტექნოლოგიების განვითარებისა და მსოფლიო ინტერნეტიზაციის პირობებში დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე დისტანციურ დასაქმების მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დასაქმების პორტალს აერთიანებს და სადაც ყოველდღიურად 10 მილიონ სამუშაო ადგილზე ფიქსირდება მოთხოვნა. აღნიშნული თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას, რომელიც მსოფლიოში მზარდი ტემპით ვითარდება და მას მომავლის ეკონომიკას უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები