მანდატურისგან დაორსულებული არასრულწლოვანი ოთხი თვის ფეხმძიმეა – რას აცხადებს სკოლის დირექტორი

იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლემ, რომელთანაც მანდატურმა სექსუალური კავშირი დაამყარა და დაორსულდა, პირველ სემესტრში 101 სასწავლო საათი გააცდინა. ამჟამად, მე-11 კლასის მოსწავლე 4 თვის ორსულია. მოსწავლე კარგი სწავლით არ გამოირჩეოდა და საშუალო დონეზე სწავლობდა – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა განუცხადა.
მისივე თქმით, მანდატურის სამსახურის თანამშრომელი კობა ფ-ძე დაახლოებით 40 წლისაა და ამ დრომდე დაოჯახებული არ ყოფილა. 16 წლის გოგონამ საკუთარი მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 13 იანვარს შეიტყო.
„13 იანვარს ექიმთან მისულა, გულის რევის შეგრძნებას უჩიოდა და ექიმთან ამიტომ მივიდა. იმავე დღეს გინეკოლოგმა დამირეკა და ტელეფონით შევიტყვე, რომ ჩემი მოსწავლე ორსულად იყო. ამის შემდეგ ვაცნობე განათლების სამინისტროს. ვესაუბრე მოსწავლის დედასაც. დედამ მითხრა, – „რა ვქნაო, მოხდაო“ . როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მანდატურის თანამშრომელი და ჩემი მოსწავლე ოჯახს შექმნიან,“ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა.
მისივე თქმით, მანდატური აღნიშნულ სკოლაში იმ დღიდან მუშაობს, რაც სახელმწიფოში მანდატურის სამსახური ამოქმედდა. დირექტორის ინფორმაციით, 16 წლის გოგონა, მათ სკოლაში, წელიწადნახევრის წინ სხვა საჯარო სკოლიდან გადმოვიდა. მანდატურის თანამშრომელი და არასრულწლოვანი თანასოფლელები არიან.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მანდატურის თანამშრომელმა გუშინ ბაბუა დაკრძალა. მანდატურმა და სკოლის მოსწავლემ ოჯახი შექმნეს. გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგონას მშობლებისა და ახლობლების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.
როგორც „კვირას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესახებ სკოლის დირექტორმა განათლების სამინისტროს აცნობა.
„მომხდარის შესახებ მანდატურის სამსახურმა გვაცნობა, ამის შემდეგ განათლების სამინისტრო დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე, მოხდა შესაბამისი რეაგირება და მიმდინარეობს გამოძიება“ , – აცხადებენ სამინისტროში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატური სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სექსუალური სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ამავე სკოლაში და ამავე კლასში კიდევ ერთი მოსწავლეა, რომელიც შარშან გათხოვდა და ამჟამად შვილს ზრდის.
„განათლების შესახებ კანონი არ მიკრძალავს, რომ არასრულწლოვანები სასწავლო პროცესზე არ დავუშვა. თუ მათ სურვილი აქვთ, რომ სწავლა გააგრძელონ, უარს ვერ ვეტყვი. ასეთია კანონი,“ – აცხადებს აღნიშნული სკოლის დირექტორი.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები