ეროვნულ ბიბლიოთეკასა და “საბავშვო კვირას” შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „საბავშვო კვირას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა და მედია ჰოლდინგ „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა.
მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები საგანმანათლებლო სფეროში ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით ითანამშრომლებენ და ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. “საბავშვო კვირა” სისტემატურად გააშუქებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სხვა აქტივობებს.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას სისტემატურად და ოპერატიულად მიაწოდოს „ საბავშვო კვირას“ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლეების შესახებ. ანა ჩანგიანის განმარტებით, პორტალ „კვირას“ დაემატა ვებგვერდი „საბავშვო კვირა“ (Kids.kvira.ge) , რომელიც გააშუქებს ბავშვებსა და მოზარდებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიებას, აქტივობას და სიახლეებს.
„ჩვენ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით აქტიურად და დარწმუნებული ვარ უამრავ საინტერესო სიახლეს გავაშუქებთ, ასევე დავგეგმავთ ერთობლივ საინტერესო ღონისძიებებს“ , – განაცხადა ანა ჩანგიანმა.
როგორც მირიან ხოსიტაშვილმა განაცხადა, ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას მოზარდების წიგნიერების საკითხში. ახალგაზრდა თაობის კიდევ უფრო მეტად წიგნიერი თაობის აღზრდასა და ხელშეწყობაში.
„ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გვყავდეს უფრო მეტად წიგნიერი და განათლებული თაობა. ამ მიმართულებით შექვმენით საბავშვო ბიბლიოთეკა, გვაქვს ასევე საბავშვო კუთხე, რაც ცხადია დაეთმობა სწორედ ახალგაზრდებს“,-აღნიშნა ხოსიტაშვილმა.
„საბავშვო კვირაზე“ ყოველდღიურად გაშუქდება ყველა ის სიახლე და საინტერესო ინფორმაცია, რაც ბავშვებს და მოზარდებს უკავშირდება, მათ შორის: შემეცნებითი, გასართობი, სასარგებლო და სხვა. პორტალზე გამოქვეყნდება საინტერესო ინტერვიუები, ვიდეო-ბლოგები, კონკურსები. საინტერესო იქნება როგორც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ისე მშობლებისთვისაც.
ახალ ვებგვერდზე გამოქვეყნდება „საკვირაო სკოლის“ და „კვირას“ მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემებიც. ეს იქნება დამოუკიდებელი ვებგვერდი, რომელსაც ძირითადად ბავშვები მართავენ. ისინი თავად შექმნიან პროდუქტს, რომელსაც, როგორც თანატოლებს, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებს შესთავაზებენ. ანუ, თემატიკა, რაც პორტალში გაშუქდება, საინტერესო იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. გამოიკვეთება ის ინტერესები, რაც ამ ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. აქ მშობლისა და ბავშვის ურთიერთობებზეც ისაუბრებენ.
ვებგვერდი „საბავშვო კვირა“ (Kids.kvira.ge) მედიაჰოლდინგ „კვირას“ და „საკვირაო სკოლის“ ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები