ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.
პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს. სამშენებლო სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, ჭიათურაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტონ ბუაძე იმყოფებოდნენ.
ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი ჩადის, ამ ტრანსპორტის გარეშე დარჩა.
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანიამ – „პომაგალსკი“ (Pomagalski). გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 8 გონდოლა იქნა შეძენილი.
ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ერთ ცენტრალურ სადგურს და მისგან გამავალ 3 მიმართულებას: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1081 მ) და ლეჟუბანი (845 მ). მე-4 საბაგიროზე – მუხაძე (640 მეტრი) ამჟამად, მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები.
პროექტის დასრულება 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, რამდენიმე ათასი ადამიანი, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები