გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მტაცებელი ცხოველების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელეს

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც მომრავლებულ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, პრობლემა რომ საყოველთაოა, ამას ბოლო დროის მონაცემებით, საქართველოში მტაცებელი ცხოველების მომრავლება და მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე მათი მხრიდან თავდასხმების გახშირებული ფაქტებიც მეტყველებს. მგლების რაოდენობის ზრდას, 1995 წლიდან მათზე ნადირობის აკრძალვამაც შეუწყო ხელი. მისი თქმით, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ზაზა ხუციშვილმა შეკრებილთ ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის და იქ დანერგილი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება ჩვენთანაც გახდება შესაძლებელი.
მტაცებელი ცხოველების პრობლემას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ პრობლემას სისტემურად უნდა მიუდგნენ.
როგორც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, დღეს, ფაქტობრივად, ადგილი აქვს სეზონური პრობლემის ლოკალურად მოგვარებას, რითაც საკითხის მთლიანობაში გადაწყვეტა ვერ ხდება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. მისი ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ, მაგრამ ეს დროში ერთობ გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, რის გამო გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ასევე ჩასატარებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაც.
შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და სამინისტრო პრობლემის დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან, რომლებიც კანონმდებლობაში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები