ლაშა ნაცვლიშვილი უსუფაშვილის ინტერვიუს მის აღიარებით ჩვენებად მიიჩნევს

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლას ეხმაურება და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის საახალწლო ინტერვიუს იხსენებს.
ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ დავით უსუფაშვილის მიზანი “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური პრობლემების შექმნა, კერძოდ კი პირდაპირი წესით არჩეული ოპოზიციური პრეზიდენტის მეშვეობით, პერმანენტული პოლიტიკური კრიზისების ინიცირებაა.

„დათო უსუფაშვილმა, უცაბედად, გიორგი მარგველაშვილის რიტუალური დაკვლის პროექტი შემოგვთავაზა. თანაც, პოლიტიკური მსხვერპლშეწირვის ეს წარმართული რიტუალი იმდენად მძაფრ და ნატურალისტურ ფერებში წარმოგვიდგინა, ისე გულმოდგინედ მოარგო შახიდის ქამარი პრეზიდენტს და თვითლიკვიდაციის გზით, კონსტიტუციური პროცესის საბოტაჟისკენ იმდენად დამაჯერებლად უბიძგა, რომ შეშფოთებულმა მარგველაშვილმა სულ “ვიღაცა” უძახა ამ პოლიტიკურ-სამართლებრივი ეკვილიბრისტიკის ავტორს“,- წერს ნაცვლიშვილი.
მას მიაჩნია, რომ მიზნის მისაღწევად, უსუფაშვილი საკუთარ პრინციპებზეც უარს იტყვის და „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემების შექმნის სანაცვლოდ, ქვეყნის საპარლამენტო მოდელის ნაცვლად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას დაუჭერს მხარს.
“თუ არასახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი, პოლიტიკური წონის თვალსაზრისით, სერიოზული ფიგურა გახდება და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. ჰოდა, რადგან მიზანი ნათელია, უპრობლემოდ მოერგება ამ მიზანს: – მერე რა, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთრივ ჩემი, დათო უსუფაშვილის, გამარჯვების პერსპექტივა ნულს უტოლდება,  ამჟამინდელ ანაბიოზურ მდგომარეობაში ყოფნას ხომ გაცილებით ჯობია თუნდაც ხელმოცარულ საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფნა? ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური დეფიბრილაციაა ერთგვარი…  მერე რა, “რომ მთელი ცხოვრება ვიყავი კლასიკური საპარლამენტო მოდელის მომხრე, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი წესით არ აირჩევა”, თუ მიზანი “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური პრობლემების შექმნაა, ამ პრინციპზეც უიოლესად ვიტყვი უარს. მერე რა, რომ არავის დაუდგენია, თითქოს “ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას“. თუ მიზანი “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური პრობლემების შექმნაა, ავდგები და ვიტყვი, რომ, დიახაც, უჭერს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა ფაქტები ჩვენს სურვილებს და მოსაზრებებს ეწინააღმდეგება, მით უარესია ფაქტებისთვის!“ – წერს ნაცვლიშვილი.
წერილის დასასრულს იგი აღნიშნავს, რომ “კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის მიერ უსუფაშვილის პარტიის მიმართ საჯაროდ გამოთქმული პრეტენზიების დასტურია, თუმცა გაუგებარია, რამ გამოიწვია „რესპუბლიკური პარტიის“ გაღიზიანება, თუკი მისი წევრები ყოფილ პრემიერ-მინისტრს ყველაფერში ეთანხმებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები