გია ვოლსკი: NDI-ის კვლევები არ არის საჭირო იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა პრობლემებია ქვეყანაში

“საქართველოს ხელისუფლებას ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი გააჩნია. საერთოდ კვლევა ცოტა უმადური საქმეა” – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, კვლევები არ არის საჭირო იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა პრობლემებია ქვეყანაში. მისი თქმით, თუ რაიმე კეთდება და რაიმე პროგრამას ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერი კეთდება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ქვეყანაში არსებობს. „შესაძლოა სოციალური თემა ერთად დაწერილიყო, უმუშევრობა, იგივე სიღარიბე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი გააჩნია. საერთოდ კვლევა ცოტა უმადური საქმეა. ამ კვლევაში ნაჩვენებია, რომ 2012 წელს თურმე მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა კმაყოფილი იყო იმ გზით, რომელსაც ავითარდება სააკაშვილის ხელისუფლება. თუმცა, არჩევნებმა სულ სხვა სურათი აჩვენა. კვლევა ხდება პოლიტიკური სპეკულაციების, პოლიტიკური შეჯახებების, განსაკუთრებით დემაგოგიური განცხადებების საფუძველი და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ამ ვითარებას, როცა ვერ ვითარდებოდა შიდა პროდუქტი, ვერ შემოდიოდა დოლარი და ა.შ.“, – განაცხადა ვოლსკიმ. რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, ვოლსკის თქმით, ხან 7%-ით შემცირდება ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა, ხან 12%-ით გაიზრდება. „რაც მთავარია, სწორი კურსით მივდივართ და ხალხი ამას გრძნობს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად იმ დონეზე მივიდეთ, რასაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია განაპირობებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები