საგარეო საქმეთა სამინისტროში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს საახალწლოდ ზღაპრის გმირები დახვდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენაზე უმასპინძლეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან 56 ბავშვი ეწვია, სადაც მათ საყვარელი ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი დახვდნენ.
საახალწლო წარმოდგენის დასასრულს ბავშვებს გადასცეს ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები. პატარა სტუმრებს მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა.
„მოხარული ვარ რომ ასეთი ძვირფასი სტუმრები გვყავს, მათთან ერთად ვზეიმობთ და ვიზიარებთ ახალი წლის ბედნიერ წუთებს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რასაც თქვენ აწყდებით ოკუპაციის გამო. საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობენ იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ეს პრობლემები გადაიჭრას. გილოცავთ ახალ წელს! დარწმუნებული ვარ, თქვენი მომავალი იქნება ბედნიერი და წარმატებული“, – მიმართა პატარებს მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია, სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები