ხაშურში მომხდარი ავარიის შედეგად, სოფელ ითხვისის ეკლესიის მოძღვარი დაიღუპა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის მარიამ ა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, მოზარდს მრავლობითი დაზიანებები სახისა და მუცლის არეში აღენიშნება და იგი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული. 15 წლის გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ რეანომობილით ხაშურის რაიონული საავადმყოფოდან გადაიყვანეს. თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებულები დანარჩენი დაშავებულებიც.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, სოფელ ალთან მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ნივა“ შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიის მოძღვარი ვახტანგ აბდუშელიშვილია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები