დავით ბაქრაძე: ჩვენ ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას

„დღეს ხდება ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა – ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება, იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდშიც მათ შორის მაშინაც, როცა ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა’ , – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ფრთის წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ადევნებს იმ კამათსა და დისკუსიას, რომელმაც სრულიად არასწორი და მახინჯი ფორმა მიიღო.
”ასეთი უთანხმოებები არსებობდა ყოველთვის, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით გამწვავდა საკითხები, სადაც პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა”, -განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის განცხადებით, ეს საკითხები იყო პარტიის სტრატეგია და დაგეგმვა, ეს საკითხები ეხებოდა პარტიის წარსულსა და მის შეფასებას, აწმყოს, მომავალს…
”ამ უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია იყო ის დებატი, რომელიც იყო პარტიის დაგეგმილი ყრილობის გარშემო. ჩვენი შეფასებით, ყრილობა როგორი ფორმითაც იგეგმება, მოემსახურება პარტიის შემდგომ გახლეჩას, განსხვავებული აზრის მქონეების მოკვეთას. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება ”ნაცმოძრაობის” გაყოფა. თქვენ ხედავთ დღეს სახეებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენენ ”ნაციონალურ მოძრაობას”, იბრძოდნენ და არასდროს არ დაუხევიათ უკან მაშინაც, როდესაც ბევრის წინააღმდეგ აღძრული იყო და აღძრულია გამოძიება, არ დაუხევიათ უკან აქციებზე, ქუჩაში, დებატებზე, პარლამენტში… ეს ადამიანები და ეს გუნდი იყო სახე, ხერხემალი და საყრდენი „ნაცმოძრაობისა“ ამ წლების განმავლობაში.
არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ხდება გუნდის გასვლა.სინამდვილეში, დღეს ხდება ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა. ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება, იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდშიც, მათ შორის მაშინაც, როცა ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა. ნებისმიერი რთული ემოცია და ტკივილი არის ყოველთვის მომავლის შექმნის თანმდევი. როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები ჩვენ შორის, ეს დღეიდან არის წარსული, ჩვენ ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას”, -განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები