“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თანამოაზრეები იკრიბებიან. პარტიაში ელოდებიან გიგი უგულავასაც.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ პარტიაში მოლაპარაკების გზით კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდება, სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„ჯერჯერობით ამას შედეგები არ აქვს, თუმცა ვნახოთ, იმედია, რომ ამაზე გარკვეული დრო არის. ის, რომ ამაზე რეაქცია არის პროვოკაციული, ყველა ჩვენგანმა ნახა დღეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის რეაქცია მოჰყვა.კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კიდევ იმედი გვაქვს და გიგიც ამას აკეთებს სწორედ, რომ მაქსიმალურად რა შანსიც არის, ის შანსი იქნას გამოყენებული. თუ ეს არ მოხდება, შესაბამისად, მალე იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეხვედრას დაპირისპირებული მხარე არ დაესწრება. როგორც ცნობილია, ფრაქციის დღეს ჩანიშნული სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო. პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.