„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ სიტუაციას გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მდგომარეობას ადარებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა ნაწილი გოცირიძის განცხადებას დადებითად აფასებს, სხვები კი ყოფილი მმართველი პარტიის დაშლას ამომრჩევლის ღალატად მიიჩნევენ.
საერთაშორისო მიმომხილველი, ამერიკის ხმის და რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ჩხუბიანიშვილი კი წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ გერმანიის ნაცისტური რეჟიმი გაახსენა.
„ერთიანობის შენარჩუნება ნულის ტოლია რას ნიშნავს? უკაცრავად მაგრამ ჩვენ ,,ერთიან” ნაციონალურ მოძრაობას მივეცით ხმა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ამომრჩევლის ღალატია? … პირადად მე არ მაინტერესებს ამბიციური ჯგუფის აზრები. მე ოთხი წელი იმისთვის არ მიწვალია, რომ ყველაფერი დაშალოთ და დაქსაქსოთ“, – წერს პარტიის ერთ-ერთი ამომრჩეველი კარინა გრიგორიანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ შექმნის დროს სხვაგან მახსოვხართ. უფრო ადრე, კიდევ უფრო სხვაგან, – წერს „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი გიორგი ირემაძე.
„რადიო თავისუფლების“ ყოფილი  ჟურნალისტი გიორგი ჩხუბიანიშვილი წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არსებულმა სიტუაციამ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გაახსენა.
„გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გამახსენდა. ვაიმარი სულს ღაფავდა, ხალხმა დევალვაცია გადაიტანა, ფიურერის დაბრუნებას ელოდებოდნენ ლანდსბერგის ციხიდან, რათა პარტიის ერთიანობა აღედგინა. წინ დიდი დეპრესია იყო. დაახლოებით ის პერიოდია, ხომ ასეა რომან? პარტიის დამაარსებელი მამები გამახსენდა…
ფინანსთა მინისტრი იალმარ შახტი გამახსენდა ნიურენბერგში რომ გაამართლეს და გაუშვეს…
ნაცისტებმა მცირე ბიზნესები დაარბიეს, დახურეს 200 ათასამდე რეიხსმარკის ბრუნვის მქონე საქმიანობები. დატოვეს მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული დიდი ბიზნესები. იალმარ შახტმა “ფარული ინფლაცია” შემოიღო, როცა ფასთა ზრდა ხელოვნურად გააჩერეს. ხოლო გერინგმა შვიდწლედები შემოიღო, როცა სახელმწიფო გეგმებს ასრულებდნენ, თუმცა, ყველაფერი იყო გათვლილი პიარზე და ეს იყო ერთი უწყვეტი პოლიტიკური იმპროვიზაცია. 39-ში ომი რომ არ დაეწყოთ, 40-41 წლებში ეკონომიკური კოლაფსი ელოდებოდათ“, – წერს ჩხუბიანიშვილი.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ “პარტია იშრომებს და იბრძოლებს ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა”.
“არ გამიკეთებია არც ერთი განცხადება მანამ, სანამ არსებობდა ერთიანობის შენარჩუნების რაიმე შანსი. დღეს ეს შანსი ნულის ტოლია.
ნაციონალური მოძრაობის შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან.
ნაციონალურ მოძრაობაში არ დავბრუნებულვარ იმისთვის, რომ სადმე წავიდე!
ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა.
”აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები