„განათლების მსოფლიო ფორუმ 2014“-ს თამარ სანიკიძე ესწრება
მეოთხე დღეა ლონდონში „განათლების მსოფლიო ფორუმი – 2014“ მიმდინარეობს, რომელსაც 101 ქვეყნის განათლების მინისტრი ესწრება. ფორუმზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური იმყოფებიან – ამის შესახებ „კვირას“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლონდონში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭომ უზრუნველყო. ფორუმის მიზანია თანამედროვე მსოფლიოს საერთო საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრა. ფორუმის ფარგლებში ის საკითხები განიხილება, რომლებიც საერთო გამოწვევას წარმოადგენს და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას საჭიროებს. ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნებში განათლების საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთმანეთს ხვდებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ფორუმის მიმდინარეობას. თამარ სანიკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მსოფლიო ფორუმში, სადაც განიხილება თემები, რომელზედაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს. განსახილველ თემებს შორისაა: მასწავლებლის პროფესიული განვითარება; თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში; განათლების ლიდერთა გააქტიურება და განვითარება; სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სხვ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს ფორუმის ფორმატი საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართონ, ქართული პროექტები გააცნონ, მათი შეფასებები და რჩევები მოისმინონ.