საქართველოს საგარეო უწყება იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 8 იანვარს, ისრაელში, ქალაქ იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ცამეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის 3 სამხედრო პირია.
შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების გამო, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ებრაელ ხალხსა და ისრაელის ხელისუფლებას.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მსგავსი ქმედბები მიმართულია რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
იმედს ვიტოვებთ, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი ხელს არ შეუშლის ისრაელის პრეზიდენტის დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც ემსახურება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას”, –აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, იერუსალიმში სატვირთო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.