ტრამპი: იმაში, რომ „დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, სწორედ ეს პარტიაა დამნაშავე

“აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ “დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე განხორციელებულ კიბერშეტევებში სწორედ ეს პარტიაა დამნაშავე, ვინაიდან მისი კომპიუტერული სისტემები სათანადოდ დაცული არ ყოფილა”, – ამის შესახებ ტვიტერში აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა. ტრამპის თქმით, სერვერების გატეხვა „გულგრილი დამოკიდებულების“ გამო გახდა შესაძლებელი. მან ასევე განაცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ნაციონალურ კომიტეტს კომპიუტერული სისტემა კარგად ჰქონდა დაცული.
ცნობისთვის, აშშ–ის სადაზვერვო უწყებებმა დღეს გაავრცელეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც, აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსმა ჰაკერებმა „დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე კიბერშეტევა განახორციელეს და იქიდან გარკვეული ინფორმაცია მოიპარეს, რის შემდეგაც მათ „დემოკრატების” საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია დაიწყეს.

“სწორედ ამის გამო წააგო კლინტონმა არჩევნები, ხოლო გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა“, – წერია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს და უსაფრთხოების ნაციონალური სააგენტოს ერთობლივ მოხსენებაში.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვა, ჩაერია თუ არა რუსეთის ხელისუფლება აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები