ოზურგეთში საშობაო ალილო გაიმართა
ტრადიციული ალილო გაიმართა შობის დღესასწაულზე ოზურგეთში. სადღესასწაულო მსვლელობა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს.
ალილოს მონაწილეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და გამგებლის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს.
“შობის დღესასწაულს ვულოცავ მთელ მართლმადიდებელ სამყაროს. უფალი იყოს ჩვენი ერის შემწე და მფარველი,” – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
საახალწლო ნობათი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ალილოს ტრადიცია საქართველოში 15 წლის წინ აღდგა და საყოველთაო დღესასწაულის სახე მიიღო. ყოველი წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, ალილოს მსვლელობაში ათასობით მართლმადიდებელი მონაწილეობს.