საქართველოს მთავრობის სტრატეგია დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა

გრძელვადიან პერსპექტივაში და საშუალო ვადაში დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის მთავრობის სტრატეგია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ლარის კურსთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ხელოვნური უწოდა და აღნიშნა, რომ ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც მთლიანად შეესაბამება ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციებს.
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს, რომ ის აჟიოტაჟური 0,15 თუ 0,2, რომელიც გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაბრუნდა მერე მაჩვენებელზე, ეს იყო მთლიანად, აბსოლუტურად აჟიოტაჟური ელემენტი. ეს ცხადიც არის. დღევანდელ დღეს ეს არის გარკვეულ დონეზე დასტაბილურებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსი  იმ მაჩვენებელზე, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ მაჩვენებელს, რომელიც დღეს გვაქვს კურსში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტრუმენტებით ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში და საშუალო ვადაში დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის ჩვენი სტრატეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ, რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს და ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს. მთავრობას აქვს ინსტრუმენტები, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდინოს სტაბილიზაცია და ამას ხელს ვუწყობთ, ვაკეთებთ გეგმაზომიერად, ჩვენი მთელი მომავალი რეფორმების არსიც მაგაშიც მდგომარეობს, რომ ქართული ეკონომიკა გავაძლიეროთ, არა მახინჯი პროტექციონისტული მეთოდებით, არამედ სწორი ინსტრუმენტებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები