საქართველოს პრეზიდენტმა ხურვალეთში მცხოვრებ დათა ვანიშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრები დათა ვანიშვილი მოინახულა, პრეზიდენტის მადლობის წერილი და საახალწლო მილოცვა გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 82 წლის დათა ვანიშვილმა, 2010 წლის შემდეგ პირველად, მოახერხა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მავთულხლართების გადმოლახვა.
კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დათა ვანიშვილს ამ სამოქალაქო თვითშეგნების გამოვლენისათვის.
„2016 წელი იყო საპარლამენტო არჩევნების წელი. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აწარმოა მასშტაბური კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. და აი, ამ ფონზე, ბატონმა დავითმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი ეზო მავთულხლართებით აქვს შემოსაზღვრული, ვერ დაუდეს საზღვარი მის თავისუფლებას, სამშობლოსადმი სიყვარულს და სამოქალაქო თვითშეგნებას. მან ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გადმოიარა მავთულხლართები და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
დათა ვანიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები