ირაკლი მეძმარიაშვილი: დეპუტატმა ხაბარელმა ეს უნდა იცოდეს!…

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგი გამართა და ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, თუმცა, დეპუტატ შოთა ხაბარელის განცხადების შემდეგ, გაჩნდა კითხვები, რომლებსაც მეძმარიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
„იცით, რომ პარასკევს ჩატარდა ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები. მინდა ხაზი გავუსვა, და ამის შესახებ არჩევნების დასრულებისთანავე გავაკეთე განცხადება, რომ ეს იყო გამჭვირვალე არჩევნები, არანაირი პრეტენზია არ მქონია არავისთან და არაფერზე, მივედი ჩემს ოპონენტთან, მივულოცე გამარჯვება და ამით დავასრულე ყველაფერი. მაგრამ, გუშინ დეპუტატ შოთა ხაბარელის გამოსვლის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ რაღაც კითხვებზე, რაც მას აქვს, გავცე პასუხი.
რა თქმა უნდა, დავიცავ კენჭისყრის ფარულობას და არ ვიტყვი ვინ იყო ჩემი მხარდამჭერი, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ ეს იყო სპორტული საზოგადოების ხმები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩემი მოსვლის შემთხვევაში, სპორტი განვითარდებოდა უკეთესად. ესენი არიან წამყვანი ფედერაციები, ახალგაზრდა სპორტსმენები და იმ ფედერაციის ახალგაზრდა თანამშრომლები და სპორტის მუშაკები, რომელსაც მიაჩნიათ, რომ ჩემი მოსვლის შემთხვევაში სპორტში უკეთესი სიტუაცია იქნებოდა.
ვხვდები რაში არის საქმე და რატომ გაღიზიანდნენ. მათ ვერ მიიღეს წამყვანი სპორტის ფედერაციების მხარდაჭერა და ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა „რეპორტიორის” პრესკლუბში აღნიშნა, რომ მისთვის ხმის მიცემის გამო ერთ-ერთი მხარდამჭერი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეძმარიაშვილმა აქვე დასძინა, რომ ასეთ ქმედებებს უყურადღებოდ არ დატოვებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
„შოთა ხაბარელმა თქვა, რომ ამ ყველაფერს თავის გუნდში განიხილავს. მე დამოუკიდებელი ვარ ჩემს გამოთქმებშიც და არავის აზრს არ ვიზიარებ. მისი ეს გამოთქმა იმას ნიშნავს, რომ მას და მის თანამოაზრეებს სურდათ, რომ სპორტი დაებრუნებინათ იმ წლებში, რაც ადრე გავიარეთ. ეს იყო მაშინ, როდესაც 100%-იან მხარდაჭერას იღებდა ესა თუ ის კანდიდატი. ჩვენ არ გვქონდა ამის სურვილი. ეს მათი მენტალური პრობლემაა. ამომრჩევლებმა, რომლებმაც მე ხმა მომცეს, დაინახეს, რომ ეს ხალხი, ვინც ჩემთან ერთად იქნებოდა, მომავალ სპორტს გამოადგებოდა და უკეთესად წარმართავდა. მე მივესალმები იმ 57 დელეგატის ხმას, მადლობას ვუხდი მათ და მაქსიმალურად დავუდგები გვერდში თუ რაიმე პრობლემა იქნება და ეს პრობლემები უკვე დაიწყო გუშინ.
ერთ-ერთ ჩემს მხარდამჭერს, რომელმაც ხმა მომცა, პირდაპირ უთხრეს, რატომ მიეცი ხმა მეძმარიაშვილს, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთო. ამ ადამიანმა დაწერა განცხადება და სამსახურიდან წამოვიდა. არ ამიღია მისგან ნებართვა, რომ სახელი და გვარი დავასახელო. არც ერთ ჩემს მხარდამჭერს არ დავტოვებ უყურადღებოდ, თუ მათ წინააღმდეგ ასეთ რაღაცებს დაიწყებენ. არ მინდა ამაზე ზედმეტად საუბარი”, – აღნიშნა მეძმარიაშვილმა.
მეძმარიაშვილი აქვე დეპუტატ შოთა ხაბარელის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ ის 57 ხმა, რომელიც მეძმარიაშვილმა არჩევნებში მიიღო, იყო მეგობრობის გამო გადადგმული ნაბიჯი და არა სპორტის განვითარებისთვის.
„მინდა გითხრათ, რომ იქ იყვნენ, როგორც ჩემი მხარდამჭერები, ისე მათი მხარდამჭერები. იყვნენ მოქმედი დეპუტატები და ერთი მინისტრიც კი, რომელიც დილიდან არჩევნების დამთავრებამდე იქ იყო. მე ეს არ გამიპროტესტებია, იმიტომ, რომ ვიცი, რაც არის მეგობრობა. ეს მინისტრი მისი მეგობარი იყო და ადამიანურია, რომ მიხვიდე და შენს მეგობარს მხარი დაუჭირო, არც ჩამითვლია, რომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საქართველოში არავის არ უნდა უკვირდეს, რომ მეგობარს მხარში უნდა დაუდგე და დეპუტატმა ხაბარელმა ეს უნდა იცოდეს”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
მეძმარიაშვილის განცხადებით, მისთვის ყველაზე უსიამოვნო იყო, როდესაც მასთან მიმართებაში „ნაციონალურ მოძრაობა” ახსენეს, და დასძინა, რომ წინა ხელისუფლების დროს, იგი იძულებით ემიგრირებული იყო, ამიტომ მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან მისი გაიგივება, არასწორია.
„ყველაზე ძალიან რაც არ მესიამოვნა, ეს არის ჩემთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” ხსენება და ლაპარაკი იმაზე, რომ იქ უამრავი „ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი იყო. მინდა ვთქვა, რომ მე არ ვყოფ სპორტსმენებს სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით და ვთვლი, რომ სპორტულ სამყაროში ასეთი რაღაც არ ხდება და ყველანი მეგობრები არიან მიუხედავად მსოფლმხედველობისა.
რაც შემეხება მე, წინა ხელისუფლების პერიოდში ვიყავი იძულებით ემიგრირებული. გარკვეული საფრთხეების გამო, გავერიდე და წავედი და ამ შემთხვევაში ჩემთან ასეთი რაღაცების გაიგივება მე მგონი, არ არის სწორი, როდესაც თვითონ ხან საწნახელში იდგა და ხან სახლებს აშენებდა ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორიაზე და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თუ ჩემს თანამშრომლებს რეპრესიებს მოუწყობენ და სამსახურიდან გაუშვებენ სხვა ზომებს მივმართავ”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები