„აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელსაც გაგრძელდება – რა ცვლილებები განხორციელდება პროგრამაში

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2017 წელსაც გრძელდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, განიხილეს რამდენიმე ცვლილება, რომელიც პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით განხორციელდება.
ცვლილებების პროექტი მთავრობის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარუდგინა.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო ეფექტური და მეტად ორიენტირებული გახდება ადგილობრივი ბიზნესის მოთხოვნებზე და ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე.
როგორც სხდომაზე ითქვა, 2017 წლიდან PROGRAMA „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში, სესხების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იმისთვის, რომ პროგრამის ბენეფიციარებმა თავიდან აირიდონ კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული რისკები.
სახელმწიფოს მხრიდან სესხის პროცენტის თანადაფინანსება რჩება იგივე და განსაზღვრულია წლიური 10%-ის ოდენობით.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეწარმისთვის, პროგრამით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდება რამდენიმე კრედიტის აღება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მეწარმეებისთვის უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, ასევე ცვლილება შედის კრედიტის უზრუნველყოფის ნაწილში – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უზრუნველყოფაში მონაწილეობის ზედა ზღვარი იზრდება და ნაცვლად 600 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრება 2 500 000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გაგრძელდება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა) მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო აქტივობების ხელშეწყობას. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში, რასაც მოწმობს დღეის მდგომარეობით არსებული სტატისტიკაც: ა) პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულია 214 საწარმოს პროექტი, რომელთა მიერ განსახორციელებელი საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღემატება 478 მლნ. ლარს; ბ) პროგრამის წარმატებული ფუნქციონირების შედეგად, მოხდა ქვეყნის ეკონომიკის რეალურ სექტორში 250 მლნ. ლარზე მეტი კომერციული სესხის გაცემის სტიმულირება; გ) შემდეგი 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული კომპანიები შექმნიან 10 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს“, -აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები