ნინოწმინდაში აფეთქებისას დაშავებულ ორსულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა – დაშავდა 4 წლის ბავშვიც

ნინოწმინდაში, სოფელ განძაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაშავდა.
“კვირას” ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია, რა დროსაც 4 წლის ბავშვიც დაშავდა.
სხეულის დამწვრობა მიიღეს ბავშვის ბებიამ და ფეხმძიმე დედამ. 15801073_1342819029073920_969355412_n
სამივე მათგანი რეანომობილით თბილისში, ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში მიიყვანეს. როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, სამივე პაციენტს სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობა აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღენიშნებოდათ 4 წლის გოგონას და მის დედას. ცეცხლის შედეგად, პატარას ორივე კიდურის, გულ-მკერდისა და სახის დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ხოლო დედას – დამწვრობა ორივე კიდურისა და თავის არეში. გარდა ამისა, ფეხმძიმე ქალს კვამლის შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაცია ჰქონდა მიღებული. რაც შეეხება, გოგონას ბებიას, 64 წლის ქალბატონს, მან სახის, ზედა კიდურების და გულ-მკერდის დამწვრობა მიიღო. ქაშიბაძის ინფორმაციით, ექიმების კონსილიუმის გადაწყვეტილებით, 28 წლის ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და გოგონა დაიბადა.
ახალშობილი ჩვილ ბავშვთა განყოფილებაშია მოთავსებული და იგი თავს კარგად გრძნობს.

„ხვალ, ჩვენს კლინიკაში 4 წლის გოგონას და მის ბებიას, 64 წლის ქალბატონს ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ. რაც მთავარია, საკეისრო კვეთის შედეგად გაჩენილი ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და ეს ოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფეხმძიმე ქალს კვამლის შედეგად ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა, რაც ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედებდა. ამჟამად, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს, დედა კი ჩვენს კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძე.
მომხდარის შესახებ „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 – ე მუხლით მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, ხანძარი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გაჩნდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები