შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტრადიციულად, „წლის საუკეთესო თანამშრომლები“ გამოავლინა.
დაჯილდოებას თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დაესწრო.
დედაქალაქის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის, ქალაქის სისუფთავეზე, განათებასა და გამწვანებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მათ საჩუქრები და სიგელები გადასცა.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ჩვენს სისტემაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც დღე და ღამე მუშაობენ. დილით ძალიან ადრე დგებიან, იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა მთელი დღის განმავლობაში, ღამით კი ისინი ქალაქის განათებაზე ზრუნავენ.
აღსანიშნავია, „თბილსერვის ჯგუფის“ პარკებისა და სკვერების განყოფილება, რომელიც ყველა ძირითად სკვერსა და პარკს უვლის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უკეთ მოწესრიგებული. დღეს დავაჯილდოვეთ ის ღირსეული თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით 2016 წელს, მივულოცეთ მათ და ზოგადად, სამსახურის ყველა თანამშრომელს დამდეგი 2017 წელი. მე მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები და ბედნიერი 2017 წელი ვუსურვო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერთან და მის მოადგილესთან ერთად, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს საჩუქრები კომპანიის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ გადასცეს. ღონისძიებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ესწრებოდა.
2016 წელს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ოცდათექვსმეტი (ტექნიკური) თანამშრომელი დაჯილდოვდა, რომლებიც წლის განმავლობაში საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყვნენ კომპანიის უხუცესი და ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომლები – ტარიელ მაისურაძე და ორხან საფაროვი.
ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ „ერთგული მეგობრები” დაჯილდოვდნენ, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში კომპანიას მხარს აქტიურად უჭერდნენ. გამარჯვებულებმა „წლის საუკეთესო მეგობრის“ სიგელები და საჩუქრები – საახალწლო კალათები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები