საქართველოში „აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი გაიხსნა – ფოტოკოლაჟი
საქართველოში „აგროჰაბის“ პირველი ჰიპერმარკეტი გაიხსნა, რომლის ინვესტიციაც 15 მილიონ ლარს შეადგენს.
საზეიმო გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დაესწრო და „აგროჰაბის“ მფლობელებს ახალი ჰიპერმარკეტის გახსნა მიულოცა.
„ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი. აქ განხორციელდა 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და დასაქმდა 200-ზე მეტი ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ისევე როგორც, ქალაქში შეიქმნა ცენტრი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში შეიძინონ ხარისხიანი და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. პროდუქტის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა, ძალიან კარგი კონცეფციაა და ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კომპანიას აქვს ISO 22000-ით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება.
გარდა ამისა, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
კომპანია „აგროჰაბს” აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. სწორედ, ზემოთხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცის მომარაგება „აგროჰაბში“. ჰიპერმარკეტის მარანში კი, მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 11 დასახელების, ცოცხალი ღვინო.
ღვინის ასორტიმენტში ისეთი სახეობები იქნება, როგორიცაა: უსახელაური, ოჯალეში, ხვანჭკარა, საფერავი და სხვა.
პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად კომპანიას გააჩნია ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორია. ამასთან ერთად, „აგროჰაბში” სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი პროდუქტიც გაიყიდება, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნატურალური ლორი, შაშხი, თაფლი და სხვა.
კომპანია 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე მაღაზიის დამატებას გეგმავს.