„დასავლეთის უმოქმედობამ რუსეთი ანგარიშგასაწევ ძალად გახადა – რუსეთი, ფაქტობრივად, დაბრუნდა”
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ სვანაძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღის წინ, თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ, რუსეთ – თურქეთის ურთიერთობა არამცთუ გაუარესდება, არამედ, შესაძლოა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
„ალეპოს საკითხს და შემდეგ რუსეთის ელჩის მკვლელობას ქართული საზოგადოების ნაწილი ჩვეული “ემოციით” მიუდგა, სადაც საერთოდ არ იყო ვითარების რეალურად შეფასების ელემენტები. რუსეთის ელჩის მკვლელობას რაც შეეხება, ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ გააფუჭებს, ვფიქრობ, და სხვა ექსპერტებიც დამეთანხმებიან, რომ პირიქით, მომხდარი ფაქტი უფრო დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს. ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა გააკეთეს განცხადებები, სადაც ირიბად მიუთითეს დამკვეთებზე, ასევე თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გალერეას, სადაც მოხდა მკვლელობა და ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა განლაგებული, უწოდოს ანდრეი კარლოვის სახელი. თურქეთში უკვე იმყოფება რუსეთის საგამოძიებო ჯგუფი, და რაც ყველაზე მთავარია, ერდოღანი პუტინს ტელეფონით “პატაკს” აბარებდა მომხდარის შესახებ. ეს ისე, თორემ რეალურად რომ შევხედოთ, რუსეთს და თურქეთს, ბევრი მიმართულებით, საერთო ინტერესები გაუჩნდა”,-წერს სვანაძე და დასძენს, რომ რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი პროფესიონალი დიპლომატი იყო, რომელსაც რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დაახლოების მიმართულებით დიდი მუშაობა ჰქონდა გაწეული.
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სვანაძე, სირიაში არსებულ ვითარებასაც ეხმაურება.
„ბოლო პერიოდში ალეპოში, ამ უძველეს, ზღაპრულ და ისტორიულ ქალაქში, მომხდარი ამბები იყო ნამდვილად საშინელი. მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტები, ძალადობები, რომლებსაც ჩადიოდნენ ასადის მომხრეები და “მოკავშირეები” ნამდვილად იწვევს ცივილიზებული მოსახლეობის შეშფოთებას, მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები, ალეპოს ამბები იყო იმ მოვლენების გაგრძელების შედეგი, რომელთაც უფრო ადრე ჰქონდა ადგილი და, სადაც რუსეთი იყო მთავარი მონაწილე. კერძოდ, 90 – იანებში იყო ჩეჩნეთის ორი ომი. პირველში რუსეთს ძალიან უჭირდა, და ფაქტობრივად, დამარცხებული იყო, რამაც გამოიწვია ქვეყნის როგორც “არშემდგარი ქვეყნების” (საერთაშორისო პოლიტიკის ტერმინია) რიცხვში შეყვანა. თუმცა 99 წლის მეორე ნახევარში ასპარეზზე გამოდის დასავლეთის მიერ აღიარებული “ლიბერალი” პუტინი, ჯერ პრემიერ – მინისტრის რანგში, და შემდეგ უკვე პრეზიდენტი, თუმცა მანამდე უკვე დაწყებულია ჩეჩნეთის მეორე ომი, სადაც რუსეთი იყენებდა ყველა აკრძალულ მეთოდს, ნადგურდებოდა სოფლები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს ფაქტობრივად, იყო არა ომი, არამედ ეთნოწმენდა. ყოველივე ამაზე დასავლეთი არავითარ რეაგირებას არ ახდენდა”,-წერს სვანაძე.
„ინტერნეტის განვითარების ინიციატივის ხელმძღვანელი“ აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში “წესრიგის” აღდგენის შემდეგ, იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც რუსეთმა სამხედრო გამარჯვების პარალელურად, დიპლომატიური გამარჯვებაც მოიპოვა.
„ეს უკვე რუსეთის საგარეო პოლიტიკაში დაბრუნებაზე სერიოზული განაცხადი იყო. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიკარგა ტერიტორიები, მაგრამ ომამდელი სტატუსი არ აღდგა, რუსული დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგად (არ დაგვავიწყდეს ბუქარესტის სამიტი და მისი შედეგები). აქაც დასავლეთი აღმოჩნდა უძლური და უსუსური, შემოიფარგლა მხოლოდ რამდენიმე განცხადებითა და აღშფოთებით. მერე იყო უკრაინა, სადაც რუსეთმა ისევ ჩართო სამხედრო და დიპლომატიური მანქანა, და მიაღწია თავის მიზნებს. დასავლეთის მხრიდან ისევ განცხადებები და აღშფოთებები. სირიაში, სადაც ომი ხუთ ნახევარი წელია მიმდინარეობს, დასავლეთის მხრიდან არ გაკეთებულა არც ერთი განცხადება ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ (მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში), მანამდე სანამ რუსეთმა და მის მიერ შეკრულმა “კოალიციამ” ირანის, ასადის არმიისა და ჰეზბოლას შემადგენლობით არ შეიტანა გარდატეხა და არ დაიკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ალეპო (სირიაში თუ გაქვს კონტროლი სამ ქალაქზე, მათ შორის ალეპოზე, ჩათვალე, რომ მთელი სირია შენი კონტროლის ქვეშ არის). აქ ცოტა შეფუცხუნდა დასავლეთი, რადგან სირიაში რუსეთის მიერ მოპოვებული წარმატებები თავისთვის საფრთხედ შეაფასა, ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ტაქტიკური გამარჯვება როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიურ დონეზე”,-წერს სვანაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ რუსეთმა მოახერხა თურქეთის “განეიტრალება” და სირიის მოვლენებიდან მისი გამოთიშვა.
სვანაძე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომს იხსენებს და წერს, რომ ამ დროს მოსახლეობის საუკეთესო გენოფონდი დაიღუპა, თუმცა ამის მიუხედავად, ახალი თაობის ცნობიერება მაინც დაბალია, რადგან ზოგიერთ ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რა მოხდა რეალურად.
„თურქეთი დასავლეთის მიერ მოიაზრებოდა მთავარ მოკავშირედ. დასავლეთის რეაქცია იყო ჰუმანიტარული კატასტროფის სახელით რუსეთის დადანაშაულება. აქ კი დავბრუნდები ისევ უკან, იმ დროს, როცა საქართველო ორ ფრონტზე იბრძოდა – აფხაზეთის ომი და ომი სამაჩაბლოში, სადაც ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო გენოფონდი დაიღუპა, რომლის აღდგენას მშვიდობიანი ცხოვრებისა და სოციალურად ნორმალურ პირობებში რამდენიმე ათეული წელი სჭირდება. ორივე ომს დაემატა ასევე თავსმოხვეული სამოქალაქო დაპირისპირება. ყველაფერი კი ისევ რუსეთში იგეგმებოდა. ამ მოვლენებზეც არ ყოფილა რაიმე რეზონანსული გამოხმაურება დასავლეთის მხრიდან, თუ არ ჩავთვლით გაეროში ყოველწლიურ და ტრადიციულ რეზოლუციებს. აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ, დატრიალებულ მოვლენებზე ახალ, ჩვენს მომავალ თაობაში აშკარად დაბალია ცნობიერება, ზოგს კი საერთოდ არა აქვს წარმოდგენა რა იყო, რა მოხდა, ვინ – ვინ იყო, რატომ მოხდა და ასე შემდეგ. სამაგიეროდ, რამოდენიმე დღის წინ, ფილარმონიასთან ჩატარდა აქცია ლოზუნგით-რა ხდება სირიაში, ალეპოში და ამაზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე. ერთი რამ ფაქტია, რომ დასავლეთის უმოქმედობამ და ხშირ შემთხვევაში უსუსურმა დამოკიდებულებამ 90 – იანი წლების რუსეთი “არშემდგარი ქვეყნებიდან” გახადა საგარეო პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად, ფაქტობრივად, რუსეთი დაბრუნდა”, – წერს სვანაძე.