პოლონეთის პარლამენტში მედიის მუშაობა აღარ შეიზღუდება
პოლონეთის სეიმში (პარლამენტში), მედიის მუშაობა აღარ შეიზღუდება. ამის შესახებ პოლონეთის ტელევიზიის ეთერში ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
„ამის გარშემო პოლიტიკური სკანდალი აგორდა. ეს კი ნამდვილად არ არის საჭირო. ხშირად იქ ერთი და იგივე არხის რამდენიმე ვიდეოკამერაა წარმოდგენილი და ეს გარკვეულ პრობლემებს ქმის“ – განაცხადა დუდამ და დაამატა, რომ მედიის მუშაობაში ცვლილებების შეტანა სეიმის საქმიანობის მოწესრიგებისთვის იგეგმებოდა.
თავის მხრივ, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ გოვინმა განაცხადა, რომ სეიმის სპიკერის მარეკ კუხჩინსკის გეგმებს მედიის საქმიანობის შეზღუდვის შესახებ მხარს არ უჭერს არც მთავრობა, არც დეპუტატები, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
პოლონეთის ოპოზიცია 16 დეკემბრიდან სეიმის მუშაობის ბლოკირებას ახორციელებს. კრიზისის მოსაგვარებლად სენატის სპიკერი სტანისლავ კარაჩევსკი ჟურნალისტებს შეხვდა და დაპირდა, რომ დღეს არსებული მუშაობის წესები 6 იანვრის შემდეგ შეიცვლება.