თურქეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად არის ნახსენები
გაეროში უკრაინის წარმომადგენლობამ ტვიტერში იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას რუსეთის ოკუპანტ ქვეყნად გამოცხადების შესახებ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს 70-მა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმაც. ოკუპანტის სახელი რუსეთს ყირიმში ქმედებების გამო მიანიჭეს.
რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის აღსაკვეთად, გააუქმოს დისკრიმინაციული კანონმდებლობა და უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები გაათავისუფლოს. დოკუმენტში აღნიშნულია ყირიმის თათართა მეჯლისის საქმიანობის აღდგენის, ასევე ნახევარკუნძულზე ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მუშაობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
საერთაშორისო დოკუმენტში ყირიმი პირველად არის ნახსენები ოკუპირებულ ტერიტორიად.