ელჩის მკვლელობის გამოსაძიებლად თურქეთში რუსი გამომძიებლები ჩავიდნენ
თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამოსაძიებლად, საგამოძიები ჯგუფი ჩავიდა, რომლის შემადგენლობაშიც საგამოძიებო კომიტეტისა და სპეციალური უწყებების წარმომადგენლები შედიან. სულ ჯგუფში 18 ადამიანია.
„თურქეთში საგამოძიებო ჯგუფის გაგზავნაზე შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი თურქი კოლეგის სატელეფონო საუბრისას იყო მიღწეული. ეს ჯგუფი ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში იმუშავებს“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის ელჩი ორშაბათს საღამოს, ანკარაში, რუსეთისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე მოკლეს. კარლოვს ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის მევლუთ მერთ არტინტასმა რამდენჯერმე ესროლა. ელჩი საავადმყოფოში გარდაიცვალა.