შუახევის რამდენიმე სოფელში ზვავი ჩამოწვა
შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ზვავი ჩამოწვა. ნაღვარევში, ხაბელაშვილებში, ასევე ჭვანის ხეობაში დღის განმავლობაში საავტომობილო გზაზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. როგორც შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე აცხადებს, სოფლებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ზვავის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე არის პერიოდული შეფერხებები, თუმცა, გამგებელი ვარაუდობს, რომ გზების სრულად გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა უახლოეს დღეებში მოხერხდება. ებრალიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 70-80 სანტიმეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი 2-3 მეტრი. მისივე განცხადებით, დიდთოვლობამ და ზვავმა მხოლოდ საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა, მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია შემოვლითი გზებითა და ბილიკებით. გამგებლის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნილა.