ვანო ჩხარტიშვილმა პატარკაციშვილების ოჯახს მოუგო ყველა სასამართლო დავა საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც

ამ დღეებში საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების კომპანიების სარჩელი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და უარი თქვა მის განხილვაზე. საპასუხოდ 12 და 16 დეკემბერს გავრცელდა პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებები, რომლებმაც დაგვარწმუნეს რომ ისინი ოჯახს მიტმასნილი თაღლითების ჯგუფის სიცრუის ტყვეობაში არიან და აქტიურად მონაწილეობენ იმ აღვირასნილ ცილისმწამებლურ კამპანიაში, რომელსაც გამომძალველთა ეს ჯგუფი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ წლებია აწარმოებს.
ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ვერ გასაჩივრდება სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, რადგან ზემდგომ უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ ისეთი სამართლებრივი თემები განიხილება, რომლებიც ინგლისისთვის განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენს ან სამართლებრივად არ გააჩნია პრეცედენტი. ამ შემთხვევაში კი ორი კერძო პირის დავა არათუ ინგლისის, არამედ ქართული საზოგადოების საჯარო ინტერესსაც კი არ წარმოადგენს და ამ თემაზე ზედმეტი ხმაურით, დარწმუნებულები ვართ, გადავღალეთ საზოგადოება. თუმცა, ეს ჩვენი არჩევანი არასოდეს ყოფილა. მედია-სივრცეში დავა ყოველთვის პატარკაციშვილების მხარეს გადააქვს, რადგან არ აქვს სასამართლოში გამარჯვების იმედი.
ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ წაგებული საქმის მოგებულად გამოცხადება რაღაც ახალია. დაუჯერონ არა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არამედ იცხოვრონ საკუთარი ადვოკატების ინტერპრეტაციებში, ეს პატარკაციშვილების უფლებაა, მაგრამ გაითვალისწინონ ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ სასამართლო ფულის გადახდას აკისრებს წაგებულს და არა მოგებულს. ამიტომ, ვურჩევთ პატარკაციშვილების ოჯახს, დროზე გადაიხადოს დიდი ბრიტანეთის ვირჯინიისა და ლონდონის სააპელაციო სასამართლოების მიერ მათთვის დაკისრებული თანხები და ნუ გაირთულებენ საქმეს სასამართლოს დადგენილებების შეუსრულებლობით.
ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველა დაწყებულ საქმეს, მით უფრო, რომ ვანო ჩხარტიშვილმა მოუგო ყველა სასამართლო დავა პატარკაციშვილების ოჯახს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში: დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის სასამართლოში, საქართველოში პირველი და მეორე ინსტანციების სასამრთლოებში და ამა წლის 9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ მოვიგეთ და მოვუგებთ პატარკაციშვილების ოჯახს ნებისმიერ დავას ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში, რადგან მართლები ვართ.
ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახური
აქვე გთავაზობთ ამონარიდებს ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, რომლიდანაც კარგად ჩანს თუ ვინ მოიგო და აქვს თუ არა ამ საქმეს პერსპექტივა ლონდონის სამართლებრივ სივრცეში. სრული ვერსია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ლონდონის სააპელაციო სასამართლოს ვებ გვერდზე.
ლორდი მოსამართლე ჰენდერსონი: „რადგან (1) და (2) საკითხები ვანოს სასარგებლოდ გადავწყვიტე, გამოდის (თუ ლედი მოსამართლე არდენი გაიზიარებს), რომ მოსამართლეს არ ჰქონდა პირდაპირი მოთხოვნის დაყენებაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების უფლებამოსილება და დისკრეციული უფლებამოსილების საკითხი არ დგება. რადგან ეს საკითხი არ დგება, მასზე არაფერს ვიტყვი. მსგავსად ამისა, ზედმეტია ჩემი მხრიდან მხარეთა შორის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის ფორმულირებასთან დაკავშირებით უმნიშვნელო დავაზე გადაწყვეტილების მიღება. მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ პირდაპირი მოთხოვნის საფუძველზე. რადგან მოსამართლეს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელეების შუამდგომლობა პირდაპირი მოთხოვნის წარმოდგენის შესახებ, გამოდის, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას.“
ლედი მოსამართლე არდენი: „ვიზიარებ ლორდი მოსამართლე ჰენდერსონის გადაწყვეტილებას და კერძოდ მის ანალიზს, რომელიც მისი გადაწყვეტილების 45-71 პუნქტებშია ასახული.“
„ბოლოს, ჩვენ უარს ვეუბნებით მოპასუხეებს, რათა მათ მიეცეთ უფლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აპელაციის დროს წამოიჭრა კანონის რომელიმე სადავო არგუმენტი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე რაიმე საკითხი; მოცემული საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მტკიცებულებასთან დაკავშირებულ საკითხს და აგრეთვე მყარად დამკვიდრებულ ინგლისის პროცედურულ სამართალს“
„გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სარჩელი დაკმაყოფილებული იქნა და საქმე არ იქნა განხილული, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსარჩელის ანგარიშზე მოსამართლის დადგენილების 5-ე პარაგრაფის შესაბამისად განხორციელებული შუალედური გადახდა £1.000.000 (ერთი მილიონი ფუნტ-სტერლინგი) ყველა შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილი პროცენტის ჩათვლით 2016 წლის 23 დეკემბრის 16:00 საათამდე, წინამდებარე გადაწყვეტილების საწყის ნაწილში ჩამოთვლილი ვალდებულებების შესაბამისად„

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები